მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და იშველიებენ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის აწარმოებინებენ წინასაარჩევნო კამპანიებს
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და იშველიებენ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის აწარმოებინებენ წინასაარჩევნო კამპანიებს

ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის მათ აწარმოებინებენ წინასაარჩევნო კამპანიებს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს იმ განცხადების შეფასებისას, სადაც იუკნევიჩიანე ამბობს: „საქართველოს მთავრობა თუ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა დღემდე, კანდიდატის სტატუსი არავითარი მნიშვნელობის არ იქნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები მომავალ წელს“.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის წევრი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის მათ აწარმოებინებენ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიებს. მხოლოდ და მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რასას განცხადებები. ის ჩართულია ქართულ პოლიტიკაში და მოქმედებს ისე, როგორც არ უნდა მოქმედებდეს ევროპარლამენტის წევრი და არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, ვის უნდა აძლევდეს ქართველი ხალხი ხმას, არცერთი ევროპარლამენტარის გადასაწყვეტი არ არის, ვის მისცემს ქართველი ამომრჩეველი ხმას. საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი არჩევნებში იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ სურთ მათ ხელისუფლებაში და ეს არის დემოკრატიის მთავარი საფუძველი, დემოკრატიის მთავარი საფუძველი კი არის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი საფუძველი და წინაპირობა. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებმაც, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას სურს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.