მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ აქვს, თქვას, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არსებობს, მათი ინტერესია ქვეყნის რეპუტაციის შელახვა
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ აქვს, თქვას, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არსებობს, მათი ინტერესია ქვეყნის რეპუტაციის შელახვა

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციას არანაირი ფაქტი და საფუძველი არ აქვს, რომ თქვას, საქართველოში „შავი ხვრელები“ არსებობს, მათ მხოლოდ ერთადერთი ინტერესი აქვთ, ქვეყნის რეპუტაცია შელახონ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილმა განუცხადა, საქართველოს მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკა აქვს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო მუშაობს ისე, რომ ქვეყანა გამოყენებული არ იყოს რუსეთი მხრიდან დაწესებული სანქციების თავის არიდების ადგილად. ამას წელიწადზე მეტია, ვაკეთებთ და თან კარგად. სამწუხაროდ, ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა იმ განცხადებებმა და სათაურებმა, რომელიც საერთაშორისო მედიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე ხვდება, რომ თითქოს საქართველოში „შავი ხვრელებია“. ამის არანაირი დასტური არ ჰქონიათ, თუმცა იყო უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაკეთებული განცხადება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ, რათა ქვეყნის რეპუტაცია შელახულიყო. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ სანქციების დაცვა მოხდა. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ თავის არიდება არ მოხდეს. შესაბამისმა პირებმა ანგარიშები გააკეთეს და თქვეს, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც კითხვას დასვამდა საქართველოს კეთილსინდისიერებაზე, როცა საქმე ეხება სანქციების დაცვას. ოპოზიციას არანაირი ფაქტი და საფუძველი არ აქვს, მათ მხოლოდ ერთადერთი ინტერესი აქვთ, ქვეყნის რეპუტაცია იყოს შელახული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.