მაკა ბოჭორიშვილი - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში არცერთი მუხლი არ არის დისკრიმინაციული, საუბარია ფასეულობების დაცვაზე
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში არცერთი მუხლი არ არის დისკრიმინაციული, საუბარია ფასეულობების დაცვაზე, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესშია, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ კანონში არცერთი მუხლი არ არის, რომელიც შეიძლება იყოს განხილული, როგორც დისკრიმინაციის გაძლიერება ან დისკრიმინაციული. ეს არ არის კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კონსტიტუციასთან ან ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან. სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად განცხადებები გვესმის საკითხის ძირფესვიანი შესწავლისა და შინაარსის კარგად გაცნობიერების გარეშე. საუბარი არ არის არანაირ დისკრიმინაციაზე, ვსაუბრობთ იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვაზე, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესშია. სწორედ ეს არის დემოკრატია და ამისთვის არსებობს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგას ნაბიჯები. დისკრიმინაციას რაც შეეხება, ამ კანონში არცერთი მუხლი არ მოიძებნება, რომელიც შეიძლება იყოს დისკრიმინაციული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.