მაკა ბოჭორიშვილი - ნიდერლანდებში ვიზიტისას კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რას აკეთებს საქართველო, რომ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები
ნიდერლანდების პარლამენტში გვქონდა შეხვედრები პარლამენტის სპიკერებთან ორივე პალატიდან, ასევე სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების, აგრეთვე ევროკავშირის თემებზე და საგარეო ურთიერთობებზე. ჩვენს პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე პოლიტიკური დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ნიდერლანდებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო, როგორ ხედავენ საქართველოს როლს ევროკავშირისთვის.
„მოვისმინეთ მათი პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში, როგორ ხედავენ საქართველოს როლს ევროკავშირისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რას აკეთებს საქართველო, რომ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები, როგორ ვხედავთ ჩვენს ადგილს ევროპულ ოჯახში და რას ვაკეთებთ, რომ საქართველომ დროულად მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამასთან, ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, რაშიც ასევე დიდი დაინტერესებაა. ვნახეთ, რომ არსებობს ინტერესი ნიდერლანდების პარლამენტში, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.