მაკა ბოჭორიშვილი - ნიდერლანდების სამეფოდან ნამდვილად არის მხარდაჭერა, რაც სჭირდება საქართველოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა გავაგრძელოთ ჰოლანდიის პარლამენტთან
ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც მიიღება კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში და, ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქებთან ჰქონდეთ ინტენსიური კომუნიკაცია ყველა დონეზე.
„როდესაც პარლამენტში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, მნიშვნელოვანია, სწორედ პარლამენტებთან გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრები ჰოლანდიაში, პარლამენტში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ამ ქვეყნიდან იმისთვის, რომ აქტიურად მოხდეს ლობირება საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად, ასე ვთქვათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროკავშირთან ურთიერთობებში.
ჩვენ ნიდერლანდების სამეფოსთან მანამდეც გვქონდა აქტიური კომუნიკაცია. პირადად მეც ვიმყოფებოდი მაისში აქ. პარლამენტარებთან მქონდა შეხვედრები და შემიძლია, დავადასტურო, რომ ჰოლანდიიდან ნამდვილად იყო მხარდაჭერა, რაც სჭირდებოდა და სჭირდება საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ ჰოლანდიის პარლამენტთან და გავაგრძელოთ კონსულტაციები იმისთვის, რომ აისახოს ეს მხარდაჭერა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.