მაკა ბოჭორიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რესურსი მიმართულია, რომ შეაფერხონ და უკან დასწიონ ქვეყანა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცდილობს განვითარებას
„ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაზე. ასეთია ე.წ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პასუხი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღესავით ნათელია, რომ ამ ძალას არც ქვეყანა აინტერესებს, არც მისი ევროკავშირში გაწევრიანება.
„მათი მიზანია არეულობა, ქაოსი და საქართველოს დისკრედიტაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მათი ყველა რესურსი მიმართულია, რომ ქვეყანა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცდილობს, წავიდეს წინ, განვითარდეს, შეაფერხონ და უკან დასწიონ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, განწირულია ყველა ის ქმედება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.
„სიმართლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ვინმეს ოდესმე მოუგონია, რომელიც ადრე თუ გვიან თავის გზას აუცილებლად პოულობს. სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს; ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, მისი ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელი გახადოს, მიუხედავად ასეთი დესტრუქციული წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, რომ საქართველოს ღირსეულია ადგილი ეკავოს თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში და იდგეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით, გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანსაც კი, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი საკუთარ სამშობლოზე, სიცოცხლე შეუნარჩუნოს. სიმართლე არსად დაიკარგება და შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რაც მას სურს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.