მაკა ბოჭორიშვილი - მოლაპარაკებებს შანსი ყოველთვის აქვს, მთავარია, პოლიტიკურ მხარეებს სურდეთ, რომ მიზანს მიაღწიონ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მოხარული იქნება, თუ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც არჩევნებში ქართველმა ხალხმა ხმა მისცა, პარლამენტში დაიწყებს საქმიანობას.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, მას არ ჰგონია, რომ დემოკრატიული პრინციპების საფუძვლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ქვეყანაში ვინმეს ინტერესებში შედიოდეს. მისივე თქმით, ქართველი ხალხის ნების გადახედვა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება
„მოლაპარაკებებს შანსი ყოველთვის აქვს. მთავარია, პოლიტიკურ მხარეებს უნდოდეთ, რომ მიზანს მიაღწიონ. მოხარული ვიქნები, პარლამენტში ყველა ის ძალა და ადამიანი ვიხილო, ვისაც ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. პირობები დაწესებულია კონსტიტუციით, ასევე პირობებს ქართველი ხალხი აწესებს. შეუძლებელია, რამდენიმე ადამიანმა გადახედოს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, არ მგონია, დემოკრატიული პრინციპების საფუძვლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ქვეყანაში ვინმეს ინტერესებში შედიოდეს, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა იმისთვის, რომ დემოკრატიის იმ ნიშნულისთვის მიგვეღწია, სადაც დღეს ვართ. ვფიქრობ, ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. წინ უნდა გადავდგათ მეტი ნაბიჯი და არა – უკან. შესაბამისად, ქართველი ხალხის ნების გადახედვა იქნება ნაბიჯი უკან და არა ის, რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა დაიხიონ უკან, რომელთაც შეიძლება, რაღაც შეცდომები დაუშვეს. ისინი კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში უნდა შემოვიდნენ და საქმიანობა პარლამენტში დაიწყონ.