მაკა ბოჭორიშვილი - მოხარული ვარ, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ, რაც არის ჩვენი ერთიანი გზავნილი ევროპელი კოლეგებისადმი, რომ ქართველი ხალხის ნება აისახა პარლამენტის დოკუმენტში
მოხარული ვარ, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რაც არის ჩვენი ერთიანი გზავნილი ევროპელი კოლეგებისადმი, რომ ქართველი ხალხის ნება აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ პარტნიორებს, რომ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა.
„ეს არის საქართველოს მიზანი, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ის, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ეს პროცესი დაჩქარდეს და რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ მიზანს, იმის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც იხსნება დღეს ასოცირებული პარტნიორებისთვის.
სწორედ ამას ემსახურებოდა ამ მნიშვნელოვან დროს რეზოლუციის მიღება, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ერთი მხრივ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება გააკეთებს გველაფერს, რომ შეასრულოს ასოცირების შეთანხმება, რაც არის გზამკვლევი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ის გზამკვლევი, რომელიც დღეს ჩვენს ხელთაა. მეორე მხრივ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოხატონ ის საჭირო მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭრდება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს ცალმხრივი გზა არ არის, ეს არ არის გზა, რომლის გავლაც საქართველოს მხოლოდ თავად შეუძლია. ეს ის გზააა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. სწორედ ამაზეა ეს რეზოლუცია. ჩვენ მოველით, რომ ასეთივე გამოხმაურება გვექნება ევროკომისიიდან. საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე მოელის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტი ერთხმად დაამტკიცა.
კერძოდ, რეზოლუციას ხმა მისცა 111-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
ამასთან, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.