მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, ევროპელმა კოლეგებმა მიიღონ ისეთი დოკუმენტი, სადაც საუბარი იქნება საქართველოს ევროპულ მომავალზე, ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამისკენ იყო მიმართული
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში მიღებული იყოს ისეთი დოკუმენტი, სადაც საუბარი იქნება საქართველოს ევროპულ მომავალზე, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ევროპელ კოლეგებს ეს საკითხები ყურადღების მიღმა არ დაეტოვებინათ.
„რეალურად, ეს ღონისძიება ბელგიის თავმჯდომარეობის პერიოდში ბოლო საპარლამენტო ღონისძიებაა. იცით, რომ ევროპული არჩევნები იქნება მომავალი ორი-სამი თვის განმავლობაში ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის მთავარი საკითხი. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში მიღებული იყოს ისეთი დოკუმენტი, სადაც საუბარი იქნება საქართველოს ევროპულ მომავალზე, პერსპექტივაზე, მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო სწორედ აქეთკენ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეს საკითხები არ დაეტოვებინათ ყურადღების მიღმა. ველოდებით, რომ ეს ყველაფერი სათანადოდ იქნება ასახული ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარების მიერ მიღებულ დოკუმენტში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განმარტებით, ზოგადად, საინტერესო იყო ბრიუსელში განხილვები, პოზიციები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ ამ პროცესს ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში საქართველოს საკითხს ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა, ვინაიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც უნდა იყოს მოღებული გაფართოებასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, მიიღება წევრი ქვეყნების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერის მოპოვება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.