მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყოს მომწიფებული აზრი საქართველოს მოლოდინზე, რომ ევროკავშირი მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრაღაში საქართველოს საპარლამენტო ვიზიტი იყო საკმაოდ დატვირთული.
მისი თქმით, ორმხრივი შეხვედრებისას ევროკავშირის გაფართოების თემასთან დაკავშირებით იყო საკმაოდ გულახდილი საუბრები.
„პირველ რიგში, იყო ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ასევე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. გვქონდა საკმაოდ გულახდილი საუბარი იმ თემებზე, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოების თემას, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ასევე, ზოგადად, გამოცდილებას, რაც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ იმ პროცესში, რაც უკავშირდება მათ ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შეიძლება, საქართველომ გაიზიაროს. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მოლოდინებზე, თუ რას ელოდება საქართველო დეკემბერში, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ განიხილავენ გაფართოების საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ წრეებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყოს მომწიფებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოლოდინი არის ის, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას და მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
კონფერენციაც მნიშვნელოვანი გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ შეეხებოდა უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, მართალია, მთავარი აქცენტი აქ კეთდება უკრაინაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები მთლიან ჭრილში არის დანახული და ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვეკეთებინა აქცენტი გამოსვლებისას და დემოკრატიასთან დაკავშირებით თემებზე, რაც ასევე ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დიდწილად უკავშირდება ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სწორედ ამ განხილვებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.