მაკა ბოჭორიშვილი - მივიღეთ დაპირება, რომ საბერძნეთი ნამდვილად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯის წინ გადადგმას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
მაკა ბოჭორიშვილი - მივიღეთ დაპირება, რომ საბერძნეთი ნამდვილად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯის წინ გადადგმას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრა პაპადოპულუს შეხვდა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს დელეგაციამ მიიღო დაპირება, რომ საბერძნეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა არის პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება. შეიძლება ითქვას, რომ საბერძნეთი ცალსახად აჟღერებს მხარდამჭერ პოზიციას და ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ საბერძნეთი ნამდვილად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯის წინ გადადგმას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. გაფართოების პროცესი არის ასევე საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და სწორედ ამ კონტექსტში ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი. მივიღეთ ასევე ძალიან ცალსახა დაპირება, რომ დეკემბერში, როდესაც იქნება გადაწყვეტილებაზე მსჯელობა, საბერძნეთი იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ქვეყანა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის პირობებში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც დგას საქართველოს წინაშე ოკუპაციის პირობებში და იმ ტრაგიკულ ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. რა თქმა უნდა, მსგავსი საკითხები არ უნდა დარჩეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიღმა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებზე იყოს სათანადო რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობიდან და ესეც იყო ჩვენი საუბრის თემა, გარდა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.