მაკა ბოჭორიშვილი - მისასალმებელია, რომ ევროკომისიის მხრიდან პირველად მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარება
მაკა ბოჭორიშვილი - მისასალმებელია, რომ ევროკომისიის მხრიდან პირველად მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარება

მისასალმებელია ფაქტი, რომ ევროკომისიის მხრიდან პირველად მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარება. ეს უდავოდ არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი  ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ფაქტად რჩება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეული თვალსაჩინო პროგრესიც, რაც ყოველთვის იქნება ჩვენი შემდგომი წინსვლის მტკიცე საფუძველი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მიზანია მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და დროულად წაიწიოს წინ ამ პროცესში.

მისივე განცხადებით, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროკავშირის საბჭომ 24-ში, ცხადია, იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ პროგრესს მიაღწიოს, უნდა გადადგას ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომელთა ნაწილიც ასოცირების დღის წესრიგში ისედაც გაწერილია.

„24 ივნისს ევროკავშირის საბჭოს იმსჯელებს და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტები, შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის კარგად აგვეხსნა, რა მოლოდინები არსებობს საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში გაბედული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის მხრიდან. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროკავშირის საბჭომ 24 ივნისს, ერთი რამ არის ცხადი: საქართველომ იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ პროგრესს მიაღწიოს, უნდა გადადგას ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომელთა ნაწილიც ისედაც არის ასოცირების დღის წესრიგში გაწერილი“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.