მაკა ბოჭორიშვილი - კონგრესში მოსმენები ლუსტრაციის გაკვეთილია, თუ როგორ შეიძლება უღალატო საკუთარ ქვეყანას და მსოფლიოს საკუთარი ქვეყნის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდო
აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენა ლუსტრაციის გაკვეთილი იყო, თუ როგორ შეიძლება უღალატო საკუთარ ქვეყანას და კონგრესიდან მსოფლიოს საკუთარი ქვეყნის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდო, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს, იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ კონგრესიდან საჯაროდ ითხოვენ არჩევნებზე გავლენის მოხდენას.
„ეს იყო ლუსტრაციის გაკვეთილი, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას უღალატო და ისაუბრო ისე, რომ მსოფლიოს კონგრესიდან მიაწოდო ყველანაირი ცრუ ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის შესახებ. ეს იყო ზუსტად ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ. ოპოზიციას, ამ ხალხს არჩევნები არანაირად არ აინტერესებთ, რადგან ზუსტად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ამიტომ კონგრესიდან საჯაროდ ითხოვენ არჩევნებზე გავლენის მოხდენას, „ქართული ოცნების“ დასჯას, რათა არჩევნებში სასტიკად არ დამარცხდნენ. ეს იყო იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება, ყველაფერზე წახვიდე, რომ როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩნდე. ანუ, გამჭვირვალობა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა? თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ძირს უთხრის დემოკრატიას, მაშინ ვისაუბროთ. ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ გამჭვირვალობა ძირს დემოკრატიას უთხრის. იმ ადამიანების სტიგმატიზაცია თქვენ მოახდინეთ, ვინც ფიქრობს, რომ ეს კანონი ქვეყნის სტაბილურობას სჭირდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მოსმენაზე მიხეილ სააკაშვილის თემის წამოჭრის კომენტირებისას, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ კონგრესმენებს შეუძლიათ, ყოფილი პრეზიდენტი ყოველ მეორე დღეს ტელევიზორით იხილონ, როგორ გამოიყურება და რა განცხადებებს აკეთებს.
„რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდება ის განცხადებები, რასაც პარტნიორებისგან ვისმენთ? ეს ყველაფერი არის „თავისუფლება მიშას“ აფერა. ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბესა და სიცრუეზე და თუ ვინმეს აინტერესებს ნამდვილი და ობიექტური ინფორმაცია, ეს თანამედროვე მსოფლიოში არცთუ ისე ძნელი მოსაპოვებელია. შეუძლიათ, ტელევიზორი ჩართონ და იხილონ მიხეილ სააკაშვილი ყოველ მეორე დღეს, როგორ გამოიყურება და რა განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.