მაკა ბოჭორიშვილი - ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც რუსეთმა საქართველოში გამოიყენა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლებისას დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ცხადყო, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია მის აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. ეჭვგარეშეა, უსაფრთხოება და ერთიანობა ევროპის უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტია, თუმცა იმისთვის, რომ იმ აგრესიას გავუმკლავდეთ, რომელიც სრულიად ევროპულ უსაფრთხოებას ემუქრება, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც რუსეთმა საქართველოში გამოიყენა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, რაც ცხადად გამოხატავს სამივე ქვეყნის სურვილს, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.
„ევროკავშირმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აჩვენოს, რომ არის გეოპოლიტიკური მოთამაშე,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება, სადაც მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი წევრები და ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად იქნა მიწვეული.