მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, ევროკომისიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდება საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, იქნება პოზიტიური რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე
მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, ევროკომისიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდება საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, იქნება პოზიტიური რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროკომისიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდება საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„ნამდვილად მნიშვნელოვან ანგარიშს ველოდებით ცოტა ხანში. მნიშვნელოვანია, რას იტყვის ევროკომისია რეკომენდაციის სახით, რათა დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ევროკომისიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდება ის ძალისხმევა, რაც საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში გასწია, იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე. ასევე, მაქვს მოლოდინი, რომ შეფასდება ყველა ნაბიჯი, რაც საქართველომ, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში განვლო, მყარი საფუძველი, რაც არის შექმნილი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რომელიც მომავალში კიდევ ერთხელ წვლილს შეიტანს საქართველოს სწრაფად ინტეგრაციაში. იმედი მაქვს, აღნიშნული ანგარიშით ესეც შეფასებული იქნება, რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, – „დღევანდელი რეკომენდაციების შემდეგ, დარჩება ალბათობა, რომ ევროპულმა საბჭომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს?“ – ბოჭორიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დიდწილად დაფუძნებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებზე. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას ყველა წევრი ქვეყნის პოზიციას აქვს მნიშვნელობა. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიში არის სწორედ ის, რის საფუძველზეც, დიდწილად, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები აყალიბებენ პოზიციას.

„რა თქმა უნდა, ორივე ფაქტორი გასათვალისწინებელია. ეს რეალურად არის შეფასება იმ სამუშაოსი, რაც საქართველომ გასწია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. თუკი რეკომენდაციას დაეფუძნება და რეკომენდაციაც იქნება პოზიტიური, ნაკლებად ველოდები, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გვქონდეს რაიმე ისეთი პრობლემური საკითხი, რამაც შეიძლება, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუქმნას საფრთხე ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აქედან გამომდინარე, ის, რაც საქართველომ გააკეთა ამ დრომდე, რასაც დაეფუძნება ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია, იქნება ასევე პოზიტიური საფუძველი დეკემბერში კარგი გადაწყვეტილებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.