მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები დაინახავენ საქართველოს საჭიროებებს, რადგან ისინი იმ გამოწვევებისგან არ განსხვავდება, რასაც თავად უმკლავდებიან მსგავსი კანონების ინიცირებით
იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები დაინახავენ საქართველოს საჭიროებებს, რადგან ისინი იმ გამოწვევებისგან არ განსხვავდება, რასაც უმკლავდებიან მსგავსი კანონების ინიცირებით ევროპელი პარტნიორები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანეთის მაგალითზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები უფრო მეტად და მეტად საუბრობენ გამჭვირვალობის საჭიროებაზე.
„ევროპული ქვეყნები უფრო მეტად და მეტად საუბრობენ გამჭვირვალობის საჭიროებაზე, უცხოური გავლენების შეზღუდვაზე და გამკლავებაზე იმ
საფრთხეების, რაც მოდის უცხოურ გავლენებთან ერთად. ამავე დროს, იმ კრიტიკას ვხედავთ, რომლის ქარ-ცეცხლშიც საქართველო გაეხვა სწორედ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები დაინახავენ იმ საჭიროებებს, რაც საქართველოს წინაშე დგას, რადგან ის იმ გამოწვევებისგან არ განსხვავდება, რასაც უმკლავდებიან მსგავსი კანონების ინიცირებით ევროპელი პარტნიორები. გამოწვევები ერთნაირია და გამოწვევებთან გამკლავების გზები არის საერთო და ერთნაირი. შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს ერთ შემთხვევაში წახალისება გამჭვირვალობის, ხოლო მეორე შემთხვევაში დაგმობა, როგორც დემოკრატიის ძირის გამომთხრელი ფაქტორის, რაც არაერთხელ გავიგეთ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს კანონი ზუსტად იმ მიზნებს ემსახურება, რაც პარტნიორების შემთხვევაშია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს. პედრო სანჩესი გამოვიდა ინიციატივით, მედიას მოსთხოვონ ყველა აქციონერის იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ სარედაქციო პოლიტიკაზე, აგრეთვე თანხებზე, რომლებსაც ისინი იღებენ საჯაროდ დაფინანსებულ რეკლამებში და მესამე ქვეყნებიდან, ასევე აუდიტორიის შესახებ გამჭვირვალე მონაცემები.