მაკა ბოჭორიშვილი - გიორგი მარგველაშვილისთვის უნდა იყოს უხერხული, როცა ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტზე წუხს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ
გიორგი მარგველაშვილისთვის უნდა იყოს უხერხული, როცა ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტზე წუხს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.
„ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე წუხდნენ და მის და ე.წ. ჰუმანიტარულ საჭიროებებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი იყო ლობიზმის ნაწილი და უკავშირდებოდა იმ კამპანიას, რაც წარმართული იყო და რაც საზოგადოებისთვის ცხადია. ამაში გადახდილი იყო ძალიან დიდი თანხები. ამ კამპანიაში ჩართული პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები იყვნენ ამ დიდი ქოლგის ნაწილი. ვისთვის არის უხერხული? პირველ რიგში, გიორგი მარგველაშვილისთვის უნდა იყოს უხერხული, როცა ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტზე წუხს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. საბედნიეროდ, ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, სწორი დასკვნები გამოიტანოს და იმსჯელოს, თუ რამდენად არიან სააკაშვილი და მის გარშემო მყოფი ადამიანები მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.