მაკა ბოჭორიშვილი - ღიად უნდა ვუთხრათ „არა“ ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს
ღიად უნდა ვუთხრათ „არა“ ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობასა და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის.
„დღეს ერევანში შევიკრიბეთ იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად შეიქმნა. მშვიდობასა და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. მსურს, გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში.
ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რა არის ოკუპაცია. საქართველო, წლებია, განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს. ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული; ასიათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადასახლებული საკუთარი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია; ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან. მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს, რომ ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, იმ ქმედებების გაგრძელებაა, რასაც რუსეთი 30 წლის განმავლობაში იყენებდა საქართველოში და რუსეთის ამბიციები საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ღიად უნდა ვუთხრათ „არა“ ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.