მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, პირველ მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად, გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, რობინ ვაგენერს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გერმანია-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში გერმანიის როლზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებულ თანამშრომლობის ფორმატზე და მათი გაღრმავების პერსპექტივაზე.

საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ გატარებული რეფორმები. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში გერმანიის განსაკუთრებულ როლს.

რობინ ვაგენერმა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ გერმანია შემდგომშიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების პროცესში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებს კარგად ესმოდეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ასევე, მნიშვნელოვანია გერმანიასთან გავაგრძელოთ ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის როლი დიდია. იგი მზად არის, კვლავ განაგრძოს ის მხარდაჭერა, რაც საქართველოს გერმანიის მხრიდან აქვს და რაც გამოიხატება როგორც ორმხრივ, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობებში მხარდაჭერით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგას გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.