მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება ისტორიულია, ეს გადაწყვეტილება რეალურად ხსნის გზას საქართველოს ევროკავშირში წევრობისკენ
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა. ასევე ეს არის საქართველოს ხელისუფლების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დამსახურება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა პირობები, ევროკავშირს სერიოზულად ემსჯელა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
„გუშინდელი გადაწყვეტილება ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოსა და ევროკავშირისთვის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად ხსნის გზას საქართველოს ევროკავშირში წევრობისკენ. აქედან გამომდინარე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ნამდვილად უდიდესი ისტორიული მნიშვნელობისაა. ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნებაზე, სიბრძნეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ამიტომ, ყველას ვულოცავ ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ასევე, ეს არის დამსახურება ხელისუფლების, რომელმაც შექმნა საქართველოში პირობები, ევროკავშირს სერიოზულად ემსჯელა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, გაატარა რეფორმები და ეს არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დამსახურება. მათ მართლაც სერიოზულად იფიქრეს საქართველოზე, მიიღეს გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მხრიდან სრული მზადყოფნაა, გააგრძელონ მუშაობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
„ოპოზიციის გეგმა როგორი იქნება და როგორ იმოქმედებენ, ამაზე პასუხისმგებლობა ალბათ მათ აკისრიათ. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ არის სრული მზადყოფნა, ასეთივე ენთუზიაზმით გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, როგორც აქამდე ვმუშაობდით და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მომავალი წლის შემოდგომაზე ისევ გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში და მოველი, რომ ის ანგარიში იქნება საფუძველი, შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ უკვე ევროკავშირში ინტეგრაციის, წევრობის გზაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.