მაკა ბოჭორიშვილი - ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები, ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლას
საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. კარგად ვაცნობიერებთ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. ამისთვის გვჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან ყველა მნიშნველოვან საკითხზე, რაც ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ.
„ძვირფასო კოლეგებო, ეუთო-ს რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევები ახალი არ არის. სამწუხაროდ, საფრთხეების შემცირების ნაცვლად, რეგიონი უფრო მეტად კომპლექსური ხდება და ყოველდღურად გვიწევს ურთულეს ვითარებასთან გამკლავება. საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა კვლავ რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნაა. უკვე ათწლეულებია, ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასიათასობით ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენს ყოველდღიურ წუხილად რჩება. ამ პირობებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშნველობა აქვს საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ხშირად სწორად არ ხდება ობიექტურად და შესაბამისად შეფასება იმ რეალობის, რა პირობებში უწევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითრებისთვის ბრძოლა.
საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. ამისთვის გვჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, დიალოგი ყველა მნიშნველოვან საკითხზე, რაც საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ და ხელს აძლევს ჩვენს მოწინააღმდეგეს. სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მცდელობებს, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების ნება ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოჩნდეს. ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშნველოვანი ფაქტი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირის წევრობა და ამ ადამიანების უმეტესობა თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. დიახ, არ არის მარტივი ამოცანა, ამ ტურბულენტურ დროში იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ამავდროულად, უზრუნველყო სტაბილური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე უმნიშნველოვანესია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ კომპლექსურ ვითარებაში ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერის, მათი სამართლიანი და ობიექტური შეფასებების და მოპყრობის იმედი გვაქვს. ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე, შეხედეთ ციფრებს, ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტს პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.