მაკა ბოჭორიშვილი - ევროპელ პარტნიორებში არის ერთსულოვნება, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ევროკავშირში პერსპექტივა, აუცილებელია დღეს ასეთი გზავნილების გაკეთება
ევროპელ პარტნიორებში არის ერთსულოვნება, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ევროკავშირში პერსპექტივა, აუცილებია დღეს ასეთი გზავნილების გაკეთება , – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებს შორის სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა ევროპის უსაფრთხოებას მეტი საფრთხე აღარ დაემუქროს და დროულად დაიწყონ საუბარი შემდგომ ინტეგრაციაზე.
„დღეს შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელთანაც ძალიან დეტალურად განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება. ნამდვილად, ევროპელ პარტნიორებს შორის არის ძალიან სერიოზული დისკუსიები, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს ამ ახალ რეალობაში, რათა ევროპის უსაფრთხოებას მეტი საფრთხე აღარ დაემუქროს და კონფლიქტი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დროზე შეწყდეს და დროულად დავიწყოთ საუბარი შემდგომ ინტეგრაციაზე.
ერთი, რაც ნამდვილად სათქმელია, არის ის, რომ ევროპელი პარტნიორები აბსოლუტურად სხვა რაკურსით, სხვა კუთხით უყურებენ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საკითხს, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. შემიძლია ვთქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა, რომ პერსპექტივა ამ სამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს და აუცილებელია, რომ დღეს გაკეთდეს ასეთი გზავნილები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის შეჯამებისას, ევროკავშირის გაფართოების საკითხსა და ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პერსპექტივებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„შევხვდით აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ევროპარლამენტში, რათა გვქონოდა შესაძლებლობა, რომ კარგად აღვიქვათ, როგორია განწყობები თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფში, როგორ უყურებენ პოლიტიკოსები და რა მიმართულებით მიდის ჩვენთვის საინტერესო საკითხები, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის გაფართოებაზე მსჯელობა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა უკრაინის კონტექსტში. შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან გამოხატულია ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. რა თქმა უნდა, არის აბსოლუტური ერთობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს ერთად დგომა და ერთად მუშაობა, რათა გაუმკლავდნენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას. ამ ფონზე, რასაკვირველია, განსაკუთრებული სიმძაფრით დგას ევროკავშირის გაფართოების საკითხი. არის სხვადასხვა მოსაზრება, თუ რა ტემპით უნდა წავიდეს გაფართოების თემა, თუმცა დღეს მთელი ყურადღება არის თავმჯდომარეობაზე გადატანილი, ხვალინდელ შეხვედრაზე ვერსალში, თუ როგორი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელების დისკუსია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ კონტექსტში უკვე გაფართოების საკითხებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.