მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის იდეა ბევრად ადრე გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები დიდხანს მოუნდნენ, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის იდეა ბევრად ადრე გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები დიდხანს მოუნდნენ, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის იდეა ბევრად ადრე გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ძალიან დიდხანს მოუნდნენ იმას, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ძალიან დიდხანს მოუნდნენ იმას, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, მუშაობა დაეწყოთ და ასე ვთქვათ, ნორმალურ პირობებში გვქონოდა შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი განგვეხილა. ეს არის ის საკითხი, სადაც ყველა ძალის ხმა არის მნიშვნელოვანი და სწორედ ახლა იყო ის მომენტი, რომ როცა საქართველომ ევროკავშირში განაცხადი გააკეთა, ეს რეზოლუცია ყოფილიყო დაინიცირებული, ყველა პოლიტიკურ პარტიას ემსჯელა და შესაბამისად, გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს დოკუმენტს. მოხარული ვარ, რომ რეზოლუციას ეს მხარდაჭერა ჰქონდა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდა და ძალიან სწრაფად მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რადგან მიმდინარე ტექტონიკურმა ცვლილებებმა ასოცირებული პარტნიორებისადმი ევროკავშირის შიგნით დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალა.

„მანამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი ასე აქტუალიზებული არ იყო, არც საქართველოსთან მიმართებაში, არც მოლდოვასთან და არც უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო ვითარება, რომელშიც გვიწევს ამ უმნიშვნელოვანესი გზის დაწყება, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადება ჰქვია. რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი იყო უკრაინაში მიმდინარე აგრესია, რაც რუსეთის მხრიდან ხდება და ამით გამოწვეული, როგორც თვითონ ევროკავშირის ლიდერებმა დაარქვეს, ტექტონიკური ძვრა ევროკავშირის ისტორიაში, რამაც განაპირობა განწყობების ერთგვარად შეცვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის ინსტიტუტებში. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა და სწრაფად ხდებოდა, რომ რეალურად, საათების განმავლობაში გვიწევდა კონსულტაციების გავლა ჩვენ პარტნიორებთან და ასევე, მზადება იმისთვის, რომ ფეხდაფეხ მივყოლოდით ამ მოვლენებს, რათა საქართველოს არ დაეგვიანა განაცხადის გაკეთება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მყარია ის განწყობები, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ, ევროკავშირში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს შექმნილ კრიზისამდეც არსებობდა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ევროკავშირის ინსტიტუტებში ახლა არსებული განწყობა ემოციური ფონით არის განპირობებული და სიღრმეებს მოკლებულია, თუმცა, მისივე თქმით, „თუ იმ ნაბიჯებს შევხედავთ, რასაც ევროკავშირი თუნდაც ამ სიტუაციაში დგამს, უფრო ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად“.

„ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის დაპირება, რაც უკვე გაიცა და თუნდაც ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა, რომ ევროკომისიას დაევალა, მოამზადოს შეფასება ამ ქვეყნების მზაობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი წინსვლაა, რაც დაფუძნებულია უკვე გაცნობიერებულ პოზიციებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და, რაც მეტი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ვიდრე ვთქვათ, ვიფიქრო, რომ ეს მხოლოდ ემოციებით არის განპირობებული და შემდგომში გაგრძელება არ მოჰყვება. ეს ნაბიჯი უკვე არის საკმაოდ მყარი საფუძველი იმისა, რომ დავიწყოთ ახალი ეტაპი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლა ჰქვია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის დღეს საქართველოს საშინაო დავალება, რათა ის ევროკავშირისთვის თავსებადი გახდეს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოს საშინაო დავალება არის ასოცირების შეთანხმება, რომლის შესასრულებლად ქვეყანა ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ როდესაც ევროკომისია ობიექტურად შეაფასებს სამი ასოცირებული ქვეყნის მზაობას, საქართველო ნამდვილად იქნება მოწინავე, რაც ტექნიკური პირობების თვალსაზრისით მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ამბიციური მოლოდინი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.