მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გავაღრმაოთ შედარებით ახალ წევრ ქვეყნებთან, მათ შორის ბულგარეთთან და გამოცდილება გავიზიაროთ
საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია უკვე გაჟღერებული აქვს ბულგარეთის პარლამენტს, რაც ბულგარეთის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციონირებაშიც აისახება დეკემბერში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ ურთიერთობები გააღრმაოს ევროკავშირის შედარებით ახალ წევრ ქვეყნებთან, როგორიც არის, მათ შორის, ბულგარეთი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მათი გამოცდილება გაიზიაროს.
„ბულგარეთი არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ძალისხმევა, მხარდაჭერა მოვიპოვოთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია უკვე გაჟღერებული აქვს ბულგარეთის პარლამენტს, რაც, ბუნებრივია, ბულგარეთის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციონირებაშიც აისახება დეკემბერში. მიუხედავად ამისა, ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გავაღრმაოთ შედარებით ახალ წევრ ქვეყნებთან, როგორებიც არიან ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, რათა მათი გამოცდილება გავიზიაროთ. ასევე, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ურთიერთობას ბულგარეთთან, ვინაიდან ეს არის შავი ზღვის ქვეყანა. რა თქმა უნდა, შავი ზღვის გავლით კავშირების გაღრმავება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რათა ფიზიკური კავშირები შევქმნათ ევროკავშირთან. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგარეო კომიტეტების და საგარეო ურთიერთობების გაღრმავება, არამედ ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და მეტი პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შექმნა, რაც შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჰქონდეთ ურთიერთობა და, ზოგადად, ქართული და ბულგარული საზოგადოების წარმომადგენლებს მეტი კავშირები ჰქონდეთ, გაძლიერდეს კავშირები საქართველოსა და ბულგარეთს შორის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.