მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით დასჯის საფუძველი არ აქვს, მჯერა, რუსეთის მსგავსად, პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტს არ გამოიყენებს
ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით დასჯის საფუძველი არ აქვს, ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობას ასე ვერ მოვახერხებთ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი შედგეს ყველა საკითხზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო.
„დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა, სადაც შეიძლება საქართველოს საკითხი იყოს განხილული, რაც შარლ მიშელმა დაასნონსა. ვიცით, რომ განიხილავენ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ანუ ქვეყანა, რომელიც მომავალში ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით დასჯის საფუძველი არ აქვს, ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობას ასე ვერ მოვახერხებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დიალოგი შედგეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.
საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და მას სჭირდება დიალოგი ევროკავშირთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ევროკავშირში გაწევრიანება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გზა რომ გრძელი იქნება, ამ გზაზე გამოწვევები იქნება, მნიშვნელოვანია, პროცესი ორივე მხარემ ღირსეულად გავიაროთ. ევროკავშირზე მაღალი წარმოდგენა მაქვს და მჯერა, ევროკავშირი ქვეყნებთან მიმართებით, რუსეთის მსგავსად, პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტს არ გამოიყენებს. ამას აკეთებს რუსეთი, ამას აკეთებდა ჩვენთან და სხვებთან მიმართებით, მათ შორის, ალბათ გახსოვთ ენერგეტიკული პოლიტიკა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.