მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის პარლამენტების სპიკერთა კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა რეკომენდაციებზე მსჯელობისთვის, ასევე, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს დეკემბრისთვის
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის პარლამენტების სპიკერთა კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა რეკომენდაციებზე მსჯელობისთვის, ასევე, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს დეკემბრისთვის

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია.

მისივე თქმით, კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, იმსჯელონ სხვადასხავ საკითხზე, მათ შორის 12 პუნქტზე და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინზე.

„ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეა წარმოდგენილი, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, მონაწილეობა მივიღოთ განხილვებში, რაც ამ ფორმატში გაიმართება და, რა თქმა უნდა, აქცენტი გავამახვილოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საქართველოსთვის არის საყურადღებო, მნიშვნელოვანი ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ორმხრივი შეხვედრები გაიმართოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. კარგი შესაძლებლობაა, ვიმსჯელოთ როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებაზე – პროცესზე, რომელიც საქართველომ უკვე გაიარა, ასევე მოლოდინზე, თუ როგორი მოლოდინი შეიძლება,გვქონდეს დეკემბრისთვის, როდესაც წევრი ქვეყნები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. დაგეგმილია დებატებში მონაწილეობა, რაც ასევე კარგი შესაძლებლობაა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე აქცენტი გავამახვილოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორ ვხედავთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, რა არის ჩვენი მოლოდინი და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს. პრაღაში სპიკერების შეკრება დღეს იწყება. დღესვეა დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაც. ქართული დელეგაცია პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს. წელს ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროკავშირის რეაგირება იქნება.