მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის მხრიდან რეკომენდაციები როდესაც კეთდება, ამას უნდა შევხედოთ, როგორც გზას, თუ როგორ შეიძლება, გავიმარტივოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი და ეს პროგრესი დგას ძალიან მყარ რეფორმებზე, რომლებმაც დროს გაუძლო, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ჩვენ უკვე ათწლეულია, ძალიან მყარად მივდივართ ასოცირების შეთანხმების შესრულების გზაზე და ძალიან მყარი ფუნდამენტია შექმნილი იმისთვის, რომ ვისაუბროთ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირში პრაქტიკულ ინტეგრაციაზე. სწორედ ამაშია საქმე, რომ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ვერ მოხდება ეს პროცესი. იმიტომ, რომ ნებისმიერ თემაში, როდესაც დადგება პრაქტიკული ინტეგრაციის დრო, აუცილებლად დადგება საკითხი, მოდით, შევამოწმოთ, რა ხდება ამ სექტორში, მეორე სექტორში და ა.შ, რამდენად ახლოს არიან ესენი ევროკავშირის სტანდარტებთან, რამდენად შეგვიძლია, დავეხმაროთ, რომ ეს დახმარება ნამდვილად მოხმარდება იმ საკითხს, რა საკითხზეც ჩვენ ამათ ვეხმარებით და ასე შემდგომ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან რეკომენდაციები როდესაც კეთდება, ჩვენ ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც პრობლემას.
„ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც გზას, თუ როგორ შეიძლება, გავიმარტივოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასეც ვუყურებთ. ასეთი იყო ჩვენი დამოკიდებულება, მაგალითად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და ა.შ.“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ პროცესში ევროკომისიასთან კარგი გზები და პოლიტიკური დიალოგის ხაზები ჩამოყალიბდა, რათა პოზიციების ეფექტიანი გაცვლა მოხდეს და უფრო სწრაფად გავიგოთ, რა მოგვეთხოვება, რას ელოდება ჩვენგან ევროკავშირი, თუმცა ეს ყველაფერი ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ინტერესები არ უნდა იყოს გათვალისწინებული.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით ძალიან ბევრს აკეთებს, რისი შედეგებიც სახეზეა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ინფორმირების პროცესში საჭიროა თუ არა ევროკავშირთან დაკავშირებით, მათ შორის, კრიტიკული მსჯელობაც, რამაც შესაძლოა, მოსახლეობაში გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში სკეპტიციზმიც გააჩინოს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსჯელობა ცუდი არასდროს არ არის და ის სულაც არ არის საშიში.
„მსჯელობა ბევრ რამეზე შეიძლება, მოხდეს და უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე რაღაცები დავფაროთ და არ ვთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ვარდისფერი სურათი შევქმნათ რაღაცის და შემდგომ დავდგეთ, ვთქვათ, რაღაც პრობლემის წინაშე, რომ რაღაცაზე სწორი აღქმა არ გვქონია. მე ვფიქრობ, მსჯელობა ყველაფერზე უნდა მოხდეს და მსჯელობა უნდა იყოს ნებისმიერ კრიტიკულ საკითხზე. თუკი მსჯელობა იქნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცას ვეწინააღმდეგებით ან ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა ევროკავშირის მიმართ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირისთვის გაფართოების საკითხი ურთულესი, რადგან, მაგალითად, გეოგრაფიულად, ევროკავშირს მოუწევს, გადაახტეს თურქეთს, რომელსაც დიდი ხანია, კანდიდატის სტატუსი აქვს და თქვას, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, საუბარია გეოგრაფიაზე, რაზეც გასულ წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა მიგვითითა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროპული პერსპექტივით, გეოგრაფიული დათქმა მოხსნილია და ევროკავშირის შიგნით ეს რაღაცნაირად გადაილახა.
„ქვეყანას ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა თუკი აქვს, აქ უკვე გეოგრაფიული ელემენტის, როგორც შემაფერხებლის შემოტანა, ალბათ უკვე ზედმეტია და შეიძლება ითქვას, ეს რაღაცნაირად წარსულია საქართველო-ევროკავშირის დიალოგში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.