მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საფრანგეთის პოზიცია სკეპტიკურია ხოლმე, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში გვქონდეს მათთან მუდმივი კომუნიკაცია და მაღალ დონეზე დიალოგი
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საფრანგეთის პოზიცია საკმაოდ სკეპტიკურია ხოლმე და მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩვენ გვქონდეს მათთან მუდმივი კომუნიკაცია, კონსულტაციები და მაღალ დონეზე დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საფრანგეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირის შიგნით აზრის და პოზიციების ფორმირებაში.
„ზოგადად, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების საქართველოში ვიზიტები. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გვქონდეს მათთან აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა, მათ საკუთარი თვალით იხილონ საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს განვითარება და ა.შ., რაც დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასთან. ამ შემთხვევაში საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. საფრანგეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირის შიგნით აზრის და პოზიციების ფორმირებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საფრანგეთის პოზიციები ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არამედ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოსთან მიმართებაში პოზიციების ჩამოყალიბებისას. ზოგადად ისიც აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პოზიციები ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საკმაოდ სკეპტიკურია ხოლმე და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ გვქონდეს მათთან მუდმივი კომუნიკაცია, კონსულტაციები და მაღალ დონეზე დიალოგი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს 28 აპრილს ეწვევა.