მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების პროცესი დაწყებულია, რომლის შეჩერება შეუძლებელია და ახლა მნიშვნელოვანია, გაფართოების პოლიტიკა წარმატებული იყოს
გაფართოების პოლიტიკა ათწლეულების განმავლობაში მოქმედებს, ეს პროცესი დაწყებულია, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია და, რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ გაფართოების პოლიტიკა წარმატებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ასევე კანდიდატ ქვეყნებზე და იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ ისინი წინსვლას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
„ეს დისკუსია ევროკავშირში დაწყებულია და, ვფიქრობ, გაგრძელდება მომდევნო არჩევნების შემდგომ, უკვე მომდევნო კომისიაში, მომდევნო ევროპარლამენტში, თუ როგორი უნდა იყოს ევროპა. ამაზე დღეს ბევრს საუბრობენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინტენსიურად განიხილავენ და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც საინტერესოა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.