მაკა ბოჭორიშვილი - გაფართოების პოლიტიკას დღეს უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, იმის ფუფუნება აღარ გვაქვს, რომ ეს პროცესი ისეთივე ნელი იყოს, როგორიც ბოლო ათი წლის განმავლობაშია
საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს, რამაც მყარი საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, გამოვიყენოთ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი პარლამენტების ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, გაფართოების პოლიტიკას დღეს უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა და როლი აქვს.
„წელს ოცი წელი სრულდება ევროკავშირის დიდი გაფართოებიდან, რომელმაც შესაძლებელი გახადა მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის სივრცის გაზრდა ევროპაში, თუმცა ვერ შექმნა იგივე მდგომარეობა სამეზობლოში, მიუხედავად სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არაერთი მცდელობისა. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა არაერთხელ გახადა ცხადი, რომ ევროკავშირის უსაფრთხო მომავლისთვის სხვაგვარი ნაბიჯებია საჭირო. გაფართოების პოლიტიკას დღეს უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა და როლი აქვს და იმის ფუფუნება აღარ გვაქვს, რომ ეს პროცესი ისეთივე ნელი იყოს, როგორიც ბოლო ათი წლის განმავლობაშია. ჩვენ ყველას გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, არსებული ბარიერების მოხსნა, სადაც კი ეს შესაძლებელია, იმისთვის, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა შეძლონ სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ინდივიდუალური მიდგომა საჭიროა, თუმცა შესაძლებლობები ყველა კანდიდატ ქვეყანას ერთნაირად უნდა მიეცეს. საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს, რამაც მყარი საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, გამოვიყენოთ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები. იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი მსჯელობა ხელს შეუწყობს გაფართოების პოლიტიკის დაჩქარებას და ეფექტიანობის გაზრდას, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და პირდაპირ უკავშირდება ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.