მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირი მზად არის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდნენ წევრი ქვეყნები, რა თქმა უნდა, როდესაც ამის წინაპირობები შესრულდება
ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ავტომატური პროცესი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩვენს ქვეყანაზე, როგორ განვახორციელებთ რეფორმებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სტრასბურგში განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩვენს ქვეყანაზე, როგორ განხორციელდება რეფორმები.
„დღეს შეხვედრები გვაქვს ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან. რამდენიმე მათგანს უკვე შევხვდით. განწყობა საკმაოდ პოზიტიურია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპაში პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც კარგად აცნობიერებენ, რასთან გვაქვს საქმე. მანამდე თუ გვჭირდებოდა მტკიცება, რომ საჭირო იყო ევროკავშირის მხრიდან ყოფილიყო მეტი გახსნილი კარის პოლიტიკა, დღეს თავად საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს, ევროკავშირის მხრიდან იმის ჩვენება, რომ ევროკავშირი მზად არის ახალი გაფართოებისთვის. ევროკავშირი მზად არის იმისთვის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რა თქმა უნდა, როდესაც ამის წინაპირობები იქნება შესრულებული. ეს უკვე არის ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი როგორც პოლიტიკოსების პოზიციებში, ასევე საზოგადოების მხრიდან, ისინი როგორც გვეუბნებიან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის, რათა წინ გადავდგათ ნაბიჯები და წარმატება გვქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ავტომატური პროცესი და ის პოლიტიკური გზავნილი, რასაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები გვიგზავნიან, არის ის, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა იმუშაონ ძალიან ბევრი, რომ დაუახლოვდნენ და გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი ქვეყნები.
„შესაბამისად, ეს სამუშაო ძალიან ბევრი იქნება, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დიდწილად იქნება დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, როგორ განვახორციელებთ რეფორმებს. ამასთანავე, უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დრომდე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ფასდებოდა და ფასდება დადებითად. საქართველოს, სხვა ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით, აქვს საკმაოდ კარგი მოცემულობა გატარებული რეფორმების კუთხით, რაც ჩვენ გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს შეფასება ევროკომისიის მხრიდან იქნება პოზიტიური“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.