მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლებისას მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში უსაფრთხოების და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზე ისაუბრა.
„საქართველო იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პირველი მსხვერპლი სამეზობლოში. საქართველოს ორი რეგიონი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა იქ კვლავაც გრძელდება. ისევ ვეძიებთ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზას, ვცხოვრობთ ომების მტკივნეული მოგონებებით და უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიის გარეშე. მიუხედავად ამისა, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვქონდეს პროგრესული დღის წესრიგი, გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები, შევქმნათ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო და წვლილი შევიტანოთ შუა კორიდორის განვითარებაში ტრანზიტისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და სჭირდება ევროკავშირისა და ნატო-სგან მეტი მკაფიო და ქმედითი ნაბიჯი, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ წინსვლაში.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ არ გვაქვს დრო და ფუფუნება გაჭიანურებული დაპირებებისთვის, არც ყალბ ნარატივებსა და აღქმებთან გამკლავებისთვის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ გვჭირდება ცალსახა და ნათელი მხარდამჭერი ნაბიჯები და იმედია, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ წლის ბოლოს იქნება ერთ-ერთი ამგვარი ნაბიჯი. რუსეთი დამარცხდება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მისი მეზობელი შეძლებს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების განხორციელებას. ეს კი მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, იმ პრინციპებისა და ნორმების დასაცავად ბრძოლით, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორგანიზაცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.