ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც საქართველოს გულწრფელი ქომაგები არიან, სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი და კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს მხარდაჭერას, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მათ ეძლევათ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის ძვირფასია ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა ის მოსაზრება თუ რეკომენდაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას და საქართველოს მოქალაქეების უკეთეს მომავალს ევროკავშირში.
„ამავდროულად, რთულია სერიოზულად შეხედო ევროპარლამენტის იმ გზავნილებს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიზანმიმართული დამაზიანებელი კამპანიების საფუძველზე საქართველოს შესახებ მცდარი აღქმების შექმნას და განმტკიცებას ემსახურება. ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს და არასახარბიელო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ის პროცესი, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვაკვირდებით ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებაში. გულსატკენია იმის ყურება, თუ როგორ ხდება ამ მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტის „მიტაცების“ მცდელობა ვიწრო ჯგუფების მიერ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების და მიზნების გასახორციელებლად. სამწუხაროდ, დღეს ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერების საფარქვეშ მოქმედებს და ძალისხმევას არ იშურებს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, დეზინფორმაციის კამპანიებში აქტიური მონაწილეობით შელახოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი, უგულებელყოს საქართველოს ხელისუფლების ის მიღწევები, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად. მათი ასეთი ძალისხმევის მოტივაცია ცალკე განხილვის საკითხია, რაც მრავალ კითხვას ბადებს და აზიანებს, პირველ რიგში, თავად ევროპული ინსტიტუტების იმიჯს. სწორედ მათი მოქმედებს შედეგი გახლდათ ივნისის თვეში მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ვითომდა მედიის თავისუფლების დაცვის ქვეტექსტით იქნა მიღებული და აბსურდული ბრალდებებით იქცა საბაბად ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატობის სტატუსის გარეშე მიენიჭა“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული ევროკავშირში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სწორად ინფორმირებული ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.
„ევროპაში დღეს არ შეგხვდებათ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც არ თვლის, რომ საქართველოსადმი ასეთი მიდგომა იყო შეცდომა. ახლა უკვე მეორედ, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი იძულებული გახდა, მხარი არ დაეჭირა საკუთარი ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციისთვის, რომელიც ისევ ასცდა მიზანს და იქცა ინსტრუმენტად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ვრცელ ანალიზს იმსახურებს პროცესი, რომლის შედეგადაც ანგარიშის ტექსტში არათუ მოხდა უზუსტობების აღმოფხვრა, არამედ მიზანმიმართულად დაბეტონდა მათ საფუძველზე შექმნილი მცდარი ნარატივები. აღარ აღვნიშნავ, რა ძალისხმევა იხარჯება ჩვენი გუნდის და პირადად ჩემს მიერ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული ევროკავშირის სცენაზე და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სწორად ინფორმირებული ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების და ამავდროულად იმ მიღწევების შესახებ, რაც ამტკიცებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მხოლოდ ერთი მაგალითი მოწმობს იმას, რომ ჭეშმარიტების უგულებელყოფა არის ამ ჯგუფისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად. ფაქტები და სიმართლის ცოდნა მათთვის არასასურველი ტვირთია. სხვაგვარად ვერ შეფასდება იმ ევროპარლამენტარების მოქმედება, რომლებიც თავისსავე დასმულ კითხვებზე ევროკომისრების მხრიდან მიღებულ პასუხებსაც კი არაფრად აგდებენ, თუკი ეს მათ მავნებლურ პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება. ისიც გამოჩნდა, რომ ზოგიერთისთვის საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი, რუსული ოკუპაცია, იგივეა, რაც მგლისთვის ცხვრის ქურქში გახვევა და ამ საკითხის ისე გამოყენება, როგორც ეს ტრენდში ჩაჯდება. რა ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან, ხელისგულზე გადაიშალა ანგარიშის მიღებამდე ინიცირებული დებატებით, რაც საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ ხდება ყველანაირი რესურსის გამოყენება ოპერაცია „თავისუფლება მიშას“ წარმატებისთვის, ამასთანავე, ევროპული ჰუმანურობით მანიპულირება და ამ ოპერაციის ე.წ. „ჰუმანიტარული მისიით“ შეფუთვა“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპა და ევროპული ფასეულობები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ვინმეს ხანმოკლე საქმიანობა პოლიტიკურ სცენაზე.
„ევროპა და ევროპული ფასეულობები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვენი ხანმოკლე საქმიანობა პოლიტიკურ სცენაზე. ღირსება კი ის სამკაულია, რომელიც ყველა ადამიანს თუ ინსტიტუტს ყველაზე მეტად ამშვენებს. კიდევ ერთხელ, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ეცადნენ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის გზაზე არ დაეკარგათ და რეზოლუციაში აესახათ. მადლობა მათ, ვისთვისაც საქართველო ერთი კაცის ავანტიურაზე მეტია. მადლობა მათ, ვისთვისაც ევროპული ფასეულობები სიყალბეზე არ გადის და ვინც ევროკავშირს საბჭოთა კავშირის პრიზმიდან არ უყურებენ“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.