მაკა ბოჭორიშვილი - დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე, ამაზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები და ეს მიმართულია ქვეყნის იმიჯის შესალახად
ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რაც, ძირითადად, იმ გზების ჩაკეტვას ეხება, რითიც სანქციებიდან თავის არიდება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ამ საკითხებზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორედ მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას და ამას ემსახურება ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი და არამხოლოდ საქართველოში.
„ეს კეთდება იმისთვის, რომ ევროკავშირს პარტნიორებთან დიალოგი და კონსულტაციები ჰქონდეს, თუ როგორ ხდება სანქციების რეჟიმებთან თანხვედრა მესამე ქვეყნების მხრიდან. საქართველოს ძალიან მტკიცედ განსაზღვრული პოლიტიკა აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით. იმ ნაბიჯებისა და ქმედებების გამო, რასაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, საქართველომ კარგი შეფასებები არაერთხელ მიიღო“, – განაცხადა ბოჭორიშვილა.
როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ევროკავშირთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა საქართველომ კარგი შეფასებები შეინარჩუნოს.
„დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე, ამაზე საუბრობენ ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პირველი სანქციების დროს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა ოცჯერ „შავი ხვრელი“ და საქართველო. მაშინ „შავი ხვრელი“ რა იყო, არავინ იცოდა. ეს კამპანია დაწყებულია ქართველი პოლიტიკოსების მიერ და მიმართულია ქვეყნის იმიჯის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. საფრთხეები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც და სანქციებისგან თავის არიდების ფაქტები გამოვლენილია ბევრგან. ევროკავშირი სწორედ იმას ცდილობს, რომ სანქციების აღსრულება ეფექტური იყოს. თუ ევროკავშირი ამ მექანიზმებს არ შექმნის, აზრი ეკარგება დაწესებულ სანქციებს. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეფექტიანად აღსრულდეს სანქციები, რაც უკვე დაწესებულია. ამ შემთხვევაში პარტნიორებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით დღეს თბილისს ეწვევა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.