მაკა ბოჭორიშვილი - დამნაშავეების ციხიდან გამოშვებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ევროკავშირში ინტეგრაციას და გამჭვირვალობამ შეუშალოს? ეს აბსოლუტურად გაუგებარია
დამნაშავეების ციხიდან გამოშვებამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს ევროკავშირში ინტეგრაციას და გამჭვირვალობამ შეუშალოს? ეს აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომ ვიდრე ეს კანონი ძალაში იქნება, არ გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან.
„ეს პოზიცია მოვისმინეთ. საინტერესოა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების წინ აღმოჩნდა, თურმე დამნაშავეების ციხიდან გამოშვება ყოფილა აუცილებელი სტატუსის მისაღებად და ეს ასე ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის თუ დიპლომატისთვის მოხდა. გვარამიას ვგულისხმობ. თურმე ახლა ხელის შემშლელი შეიძლება იყოს გამჭვირვალობა. ანუ, დამნაშავეების ციხიდან გამოშვებამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს სტატუსზე თანხმობას, ევროკავშირში ინტეგრაციას და გამჭვირვალობამ ხელი შეუშალოს ევროკავშირში ინტეგრაციას? ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, როცა არავინ აკეთებს მითითებას, კონკრეტულად კანონის რომელი მუხლი და დათქმა ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განმარტებით, გამჭვირვალობის კანონი მიღებულია იმ საჭიროებიდან, რაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს, რათა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, შეძლოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება.
„ეს კანონი მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი გაკეთდა, რათა კანონი იმ ჩარჩოებში ყოფილიყო, რაც შეუსაბამო ვერ იქნებოდა დემოკრატიული სამყაროსთვის. როცა აყენებენ ასეთ ულტიმატუმებს, რომ კანონი არ უნდა მიიღონ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რა გზა არსებობს სახელმწიფოს საჭიროებებიდან გამომდინარე კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ, თუ არა კანონმდებლობის მიღება და პასუხი არსებულ გამოწვებებზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.