მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდნენ.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლოდინზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროკომისიის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის მომზადების პროცესს და შეფასებებს საქართველოს პროგრესის თაობაზე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.