ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. სხდომას სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი უძღვებოდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა დეპუტატებმა ფრანგ სენატორებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის გაფართოების როლზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სხდომაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.
ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.