მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რათა ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესი გვქონდეს და მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი
საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არის სტრატეგიული მიზანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დომაგოი ჰაიდუკოვიჩს მოუსმინეს.
ბოჭორიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველო ახალ რეალობაშია ევროკავშირთან ურთიერთობებში.
„ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მიენიჭა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რაც ევროკავშირთან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ შესაძლებლობებით ჩვენ, საქართველო უნდა მივიყვანოთ იმ სტრატეგიულ მიზნამდე, რასაც ევროკავშირში წევრობა ჰქვია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესი გვქონდეს, მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირთან მოლაპარაკებები დავიწყოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც რეფორმებს და ქვეყნის ტრანსფორმაციას უკავშირდება.
„ხორვატია არის ის ქვეყანა, რომელიც ამ ეტაპზე ბოლო შეუერთდა ევროპულ ოჯახს და მათი გამოცდილება და ევროკავშირის ფარგლებში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საპარლამენტო კომიტეტების თანამშრომლობაზე და მის გაძლიერებაზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ჰქონდეს დიდი დატვირთვა, რათა შევძლოთ საქართველოსა და ხორვატიის პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, გაძლიერება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ზაგრებში საქართველოს საელჩო გაიხსნება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ხორვატიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით იმყოფება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.