მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, სამოქალაქო სექტორთან გაგვეცვალა აზრები, როგორ ხედავენ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პროგრესს, გაგვეზიარებინა გეგმები
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულება დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, გასულ წელს ძალიან ბევრი სამუშაო შესრულდა პარლმენტში, რათა რეკომენდაციების შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი ყოფილიყო.
ბოჭორიშვილის განმარტებით, პროცესში ჩართული იყო სამოქალაქო სექტორიც, ისინი მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტის სხდომებშიც და მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა, როგორ ხედავენ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს.
როგორც ბოჭორიშვილმა შალვა პაპუაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრასთან დკავშირებით განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო სექტორისთვის რეკომენდაციებთან დაკავშირებით არსებული გეგმებისა და იმ ინფორმაციის გაზიარება, თუ რა გაკეთდა გასული წლის განმავლობაში.
„მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა. რაც შეიძლებოდა, მმართველ გუნდს გაეკეთებინა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით ამ რეკომენდაციების შესრულება გასულ წელს, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელთა შესრულება ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მუშაობა გაგრძელდეს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.