მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის გაუგებარია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადება, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის გაუგებარია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადება, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება

ჩვენთვის გაუგებარია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადება, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თაობაზე აღნიშნა.

ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ კარგი თანამშრომლობის პრინციპებიდან გამომდინარე იყო ის ნაბიჯი, რომ საქართველო დათანხმდა პოლონელი ექიმების შესვლას მიხეილ სააკაშვილთან, ამ ოპერაციის ჩატარებას, რასაც ერქვა სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი.

„მე ვერ შევაფასებდი ასევე მათ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა ამ ვიზიტის დროს, რაც ნამდვილად იყო დამაბნეველი და მიუთითებდა, რომ აქ არანაირი კეთილი განზრახვები არ იყო. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი განცხადება, როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. განცხადების თანახმად, „პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.