მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი მიზანია, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს გავაკეთებთ, გვქონდეს გარანტია, რომ ის პასუხი იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას სურს და სჭირდება
ჩვენი მიზანია, რომ იმ პერიოდში, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს გავაკეთებთ, გვქონდეს გარანტია, რომ ამ განაცხადზე ის პასუხი იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სურს და სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს არის გაცხადებული,
„ჩვენთვის ამოსავალი წერტილია შედეგი – თუ რას მოგვიტანს ესა თუ ის ნაბიჯი. ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს არის გაცხადებული. ამ მიზნით მისაღწევად ის ნაბიჯები დავგეგმეთ, რაც საქართველომ უნდა გადადგას, რათა პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. 2020 წელს, როცა განვაცხადეთ, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებდით, ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი – რატომ დაითქვა ოთხწლიანი პერიოდი, რათა ქვეყანას განაცხადი გაეკეთებინა. ეს იქიდან გამომდინარეობდა, რომ ჩვენი თვითმიზანი ისეთი დოკუმენტის შექმნა არ არის, რომელიც ქვეყანას შედეგს მალე არ მოუტანს. ჩვენი მიზანია, რომ იმ პერიოდში, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს გავაკეთებთ, გვქონდეს გარანტია, რომ ამ განაცხადზე ის პასუხი იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სურს და სჭირდება. არის ორი კომპონენტი – ქვეყნის მზაობა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი და მეორეს მხრივ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მზაობა მიიღონ ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირში. ორივეს სჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებთან ძალიან დიდი შრომა და ინტენსიური მუშაობა. ეს არის შრომატევადი პროცესი, რითაც ხელისუფლება ორი წელია დაკავებულია. აქტიური ნაბიჯები იდგმება, რათა ევროპელმა პარტნიორებმა კარგად გაიაზრონ, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისინი დადგებიან ფაქტის წინაშე, როცა მათ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ეს იყოს დადებითი გადაწყვეტილება. სამწუხარო მოვლენების ფონზე ევროინტეგრაცია შეიძლება იყოს დაჩქარებული. ამისთვის განხილვები ევროკავშირში მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ამ განხილვების ნაწილი. თუ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ჩნდება, საქართველო აუცილებლად იყოს იქ.
ორი რამეა გასაკეთებელი – ერთი ძალიან ცხადად და ღიად კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩვენი პოზიცია, რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მეორე – ინტენსიური, ყოველწამიერი კავშირი გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მიმართულებას იღებს ის დისკუსიები, რაც დღეს ევროკავშირში მიმდინარეობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ვითარება არის ყოველწუთიერად ცვალებადი და 24-საათიანი სამუშაო რეჟიმია, რათა საქართველომ სწორ დროს სწორი ნაბიჯი გადადგას, რათა მთავარ მიზანს მიაღწიოს.
„რა გზა არსებობს დღეს ევროკავშირში მისასვლელად? – არსებობს გზა, როცა ქვეყანა აკეთებს განაცხადს და აქვს მზაობა. მას კი, ევროკავშირი ანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რაც უკავშირდება საგზაო რუკას, როგორ უნდა მივიდეს ევროკავშირამდე. დღეს საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც არის ამბიციური შეთანხმება და ნიშნავს იმას, რომ მასში ჩადებულია ისეთი რეფორმების გატარება, რაც საქართველოს მაქსიმალურად დაახლოებს ევროკავშირთან.
საუბარია ევროკავშირის კანონმდებლობის 70 პროცენტთან ქართული კანონმდებლობის დაახლოებაზე. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 35-40 პროცენტში ვმოძრაობთ, რაც ძალიან დიდი ნაბიჯია წინ გადადგმული. ასოცირების შეთანხმების შესრულება აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, თუ კანონმდებლობა დაახლოებული არ გვექნება. ეს არის ის ტექნიკური პროცესი, რომელიც უკავშირდება ბევრი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და რაც ხშირად მტკივნეულ რეფორმებთან არის დაკავშირებული.
ჩვენ არ შეგვშინებია ამის გაკეთების, ამას ვაკეთებდით და ვაგრძელებთ. ეს პროცესი უფრო დაჩქარებულად უნდა წავიდეს, რამდენადაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მხოლოდ ჩვენი ძალებით რთული იქნება საქართველოსთვის ამ პროცესის იმ ტემპით წარმართვა, ეს როგორც ჩვენ გვესმის და გვინდა. ამიტომ, წლებია, ევროკავშირთან ვსაუბრობთ, რომ ასოცირების შეთანხმებას მოჰყვეს უფრო ეფექტიანი და ძლიერი მექანიზმები, რათა უფრო სწრაფად შევძლოთ მისი განხორციელება. ეს ევროპელი კოლეგების ხელშია და შესაძლებელია, ახლა ზუსტად ის მომენტი იყოს, როცა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილი.