მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ უნდა გავხსნათ ევროპული პერსპექტივები და შევქმნათ ახალი ფორმატები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ.
სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გამოწვევების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ახორციელებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების ფართო სპექტრს.
ჩვენ გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების უზარმაზარი პოტენციალი. ამისთვის კი მზად ვართ ევროკავშირთან ეტაპობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ახალ დონეზე ასაყვანად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის როლსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებზე, ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს დელეგაციამ დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე ისაუბრა. კომიტეტის სხდომის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესზე. განიხილეს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და პერსპექტივები, ასევე გარემოს დაცვისა და ევროპის „მწვანე შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხები.
„ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობები საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა გავხსნათ ევროპული პერსპექტივები და შევქმნათ ახალი ფორმატები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ამისათვის ჩვენ სხვადასხვა დონეზე ექსპერტულ და პოლიტიკურ დიალოგს უნდა შევუწყოთ ხელი. დიალოგის გაძლიერების საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა დაისახა მიზნად და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განცხადების გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მორიგ სხდომას თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართავს.