მაკა ბოჭორიშვილი - არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ევროინტეგრაციის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ჩვენ ამას ვხედავთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც
მაკა ბოჭორიშვილი - არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ევროინტეგრაციის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ჩვენ ამას ვხედავთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც

ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხედავენ პროცესს უფრო ფართო ჭრილში და კარგად აცნობიერებენ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობას, რაც შეეხება კუბილიუსს და მის მოსაზრებებს, არიან ადამიანები, რომლებიც ვიწრო პოლიტიკურ ჭრილში ხედავენ ამ პროცესს და ცდილობენ, საქართველოს საკითხი ან საქართველოში მიმდინარე პროცესები გამოიყენონ შიდა პროცესებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს, კუბილიუსის განცხადების მსგავსი გზავნილები უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ევროპულ მომავალზე.

„ეს არის მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი და მოხდეს ამ პროცესის გამოყენება ვიწრო შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის კუბილიუსის მოსაზრებები და ჩემთვის ერთადერთი რამის მანიშნებელია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ევროინტეგრაციის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ჩვენ ამას ვხედავთ ქვეყნის შიგნით და არიან ამ იდეის მიმდევრები ქვეყნის გარეთაც. ეს არის დამაზიანებელი გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს. დემოკრატია გულისხმობს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პატივისცემასაც. ის, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ამას წყვეტს ქართველი ხალხი არჩევნების გზით. ეს არის ერთადერთი გზა, როგორც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების მართვა. ხელისუფლების მართვა და ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შესაბამისი უნდა იყოს. ასეთი მცდელობები, რომ სხვადასხვა მიზეზებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებით მოხდეს შიდა პოლიტიკაზე მცდელობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ევროპული და ნამდვილად არ არის ევროპული სტანდარტების და ფასეულობების შესაბამისი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა: „მომხრე ვართ, ქართველი ხალხი იყოს ევროპული ოჯახის წევრი, როცა ერს აქვს პრობლემა მთავრობასთან, საზოგადოებამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა“.