მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა.
ახალგაზრდებთან შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.