მაკა ბოჭორიშვილი - არ შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესი ევროპულ გზას დაუკავშირდეს, საქმე ეხება კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას, კონსტიტუცია არის უზენაესი და მისი დაცვა ყველას ევალება
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ევროპულ გზას დაუკავშირდეს.
მისი თქმით, საქმე ეხება საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის დარღვევას და დაცვის ვალდებულებას, რომელიც აქვს ნებისმიერი თანამდებობის პირს, რომლის უფლებამოსილებაც ამავე დოკუმენტშია განსაზღვრული.
„დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს თუ ვაშენებთ, სადაც სამართალს ვერგებით და არა ვირგებთ კანონებს, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ უზენაესი კანონის დაცვა, როცა თანამდებობის პირთა მხრიდან ხდება მნიშვნელოვანი დოკუმენტის დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, რაც მიმართულია იქითკენ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი და მისი დაცვა ყველას ევალება“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი გუშინ საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.