მაკა ბოჭორიშვილი - ანალენა ბერბოკის ვიზიტი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია გერმანიის მხარეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, გერმანიის როლი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ასევე ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში არის საყურადღებო, მნიშვნელოვანი.
„მნიშვნელოვანი ვიზიტია გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც განცხადებიდან ჩანს, მისი მიზანია, მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საუკეთესო შესაძლებლობაა მასთან საუბრის, დიალოგის და ასევე იმის, რომ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია გერმანიის მხარეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ასევე მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რა კეთდება, რას მოველით და როგორ ხედავს საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.