მაკა ბოჭორიშვილი - ანალენა ბერბოკის აქცენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად განიხილავს გაფართოების საკითხს
ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აქცენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად განიხილავს გაფართოების საკითხს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს საკითხი უკვე სერიოზულად დგას ევროკავშირის და იმ ქვეყნების დღის წესრიგში, რომლებიც, ტრადიციულად, სკეპტიკოსებად მოიაზრებოდნენ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.
„დღეს მოვისმინეთ სხვადასხვა მინისტრის გამოსვლები როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ისე ძველი კანდიდატი ქვეყნებიდან, ასევე ახალი კანდიდატი ქვეყნების მინისტრების საუბარი. ზოგადად, ეს სურათი, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად ვმსჯელობთ, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი, ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც სერიოზულად განიხილავენ კანდიდატი ქვეყნების მოსაზრებებს, ვინაიდან ეს ფორმატი საფუძველს უდებს ჩვენს თანაცხოვრებას, ევროპის ახალი მომავლის ერთად შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ანალენა ბერბოკმა და ეს იქნება რეალურად დასაწყისი ახალი დისკუსიებისა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში ეს იყო გარკვეულწილად ტაბუდადებული თემა. რეალური გაფართოება 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა, თუმცა ყოველ წელს ჩვენ ვხედავდით ამ პროცესის ძალიან მოკრძალებულ წინსვლას.
შეიძლება ითქვას, სწორედ ამ დღიდან, ამ პროცესიდან ჩვენ შეიძლება, ველოდოთ ახალ იდეებს ევროკავშირიდან. რამდენიმემ უკვე გაიჟღერა კიდეც, თუნდაც ამ კონფერენციის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი მინისტრების სხვადასხვა ფორმატში რეგულარული მონაწილეობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ეს აღსრულდება, ვინაიდან ეს ფორმატები ჩვენ გარკვეულწილად საკმაოდ შეზღუდული გვქონდა და თუკი მოხდება, რომ, სხვადასხვა სფეროს მიხედვით, მინისტერიალებში მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატი ქვეყნების მინისტრები, ეს უფრო დააახლოებს კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის ქვეყნებთან, მისცემს მეტ შესაძლებლობას. მაგალითად, გავაერთიანოთ ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები ევროკავშირის პოლიტიკის პრიორიტეტებთან, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.