მაკა ბოჭორიშვილი - ამერიკული დელეგაციის შემოთავაზება იყო, ეუთო-ს რეზოლუციაში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს, საბოლოოდ, ყველა დავარწმუნეთ, რომ ეს არ შეიძლებოდა
ამერიკული დელეგაციის მხრიდან არსებობდა შემოთავაზება, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს და ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ბრძოლას, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს და არა ქართველებსა და აფხაზებს ან ქართველებსა და ოსებს შორის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ საქართველოსთან დაკავშირებით შესწორებას.
ბოჭორიშვილის განმარტებით, კომიტეტის ფარგლებში ეს ტექსტი დამტკიცდა, თუმცა ბოლო მომენტში გაწვეულ იქნა აღნიშნული ჩანაწერი რეზოლუციიდან.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტიდან ჩანაწერის გაწვევის მიუხედავად, თავად ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია.
„ასეთი რეზოლუციები როცა მუშავდება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოს საკითხი სწორად იყოს ასახული. ახლაც ვეცადეთ და რამდენიმე შესწორება სწორედ რუსეთთან კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივით შევიდა ტექსტში. თუმცა ამერიკული დელეგაციის მხრიდან არსებობდა შემოთავაზება, ტექსტში გაჩენილიყო ისეთი ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ბრძოლას, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის და არა ქართველებსა და აფხაზებს ან ქართველებსა და ოსებს შორის. სწორედ ამ ნარატივით იყო წარმოდგენილი ეს ცვლილება, რაზეც ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი რეაქციები როგორც კომიტეტზე, ისე სესიის ფარგლებში, გვქონდა ასევე რეაქცია საელჩოების მეშვეობით და კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი ტექსტით რეზოლუციის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის ფარგლებში ეს ტექსტი დამტკიცდა, საბოლოო ჯამში, ბოლო მომენტში, ამერიკის დელეგაციის გადაწყვეტილებით, გაწვეულ იქნა ეს ჩანაწერი რეზოლუციის ტექსტიდან, თუმცა თავად ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია.
ჩვენი ამდენი ხნის ძალისხმევის ფონზე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტში ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს – და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს – ასეთ მომენტში, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან როცა ხდება ისეთი პოზიციების გაჟღერება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს, შემაშფოთებელია. ამ შემთხვევაში, საბოლოოდ, მოვახერხეთ, დაგვერწმუნებინა ყველა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ჩანაწერის გაჩენა საბოლოო დოკუმენტში“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან: „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“. პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა – უცნაური კონსტრუქციაა – თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი. შესწორება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით ცდილობს, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში რუსულ დესტრუქციულ ქცევას იცავს“.