მაკა ბოჭორიშვილი - ალბათ გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ ოპოზიციის მხრიდან რაიმე პოზიტიური მოლოდინები გვქონდეს, როგორც გამოჩნდა, მათი მიზანი არ არის ევროკავშირის გზაზე ქვეყნის წარმატება
ალბათ გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ ოპოზიციის მხრიდან რაიმე პოზიტიური მოლოდინები გვქონდეს. გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც გამოჩნდა, მათი მიზანი არანაირად არ არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვნახეთ მხოლოდ ის ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუშლიდა და დააზიანებდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
„შესაბამისად, დასკვნის სახით, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ არც ახლა უნდა ველოდოთ მათგან რაიმე სასარგებლო ქცევას ან მოქმედებას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სწრაფად დაიწყოს ხელისუფლებამ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც განსაზღვრა ევროკავშირის მხარემ, რათა პროცესი, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს საქართველოსთან მიმართებით.
„ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში თითოეული ეტაპის გავლა და ამ ეტაპებზე ქვეყნის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ცხრა ნაბიჯი არ არის. არის კიდევ ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რაც ამ თითქმის 10 წლის განმავლობაში გააკეთა ქვეყანამ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ასევე გავაგრძელოთ მუშაობა ასოცირების იმპლემენტაციაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.