მაკა ბოჭორიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების დელეგაციის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურ წარმომადგენელს, რეინ დეკერსს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა.
შეხვედრისას სტუმრებმა გატარებული რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღნიშნეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ნიდერლანდების სამეფოში ყოველთვის არსებობდა სკეპტიკური მიდგომა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მიმართულებით ვითარდება აზრი საქართველოსთან მიმართებაში როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ წრეებში. წელს ნიდერლანებში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გვქონდეს ძალიან დეტალური ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საგარეო საკითხებში უფროსი პოლიტიკური ოფიცერი კამილ მერლენი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაკელიანი და ელჩის მოადგილე მორის პაულუსენი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.